ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეზვრიშვილი: სკოლებში და გარე პერიმეტრზე კამერების დამონტაჟება სავალდებულო ხდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ”ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და განცხადა, რომ მანდატურთან დაკავშირებული ცვლილებები არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას.

მისი თქმით, იზრდება კოორდინაცია სამინისტროებს შორის, რაც საშუალებას იძლევა, მოსწავლეებს შორის სკოლაში არსებული კონფლიქტის სკოლის გარეთ გაგრძელების საშიშროების შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აიცილოს.

“სავალდებულო გახდება სკოლებში და გარე პერიმეტრზე კამერების დამონტაჟება, რაც აქამდე კანონში სავალდებულო წესით არ ეწერა. ასევე იცვლება თვითონ მანდატურის მიმართ მოთხოვნები. მანდატურის თანამდებობაზე დანიშვნის წესიც იცვლება და მას დანიშნავს მანდატურის სამსახური და არა სკოლის დირექტორი. გარკვეული უფლებამოსილებები მანდატურს ეზრდება, მაგალითად ექნება მოსწავლის ზედაპირული დათვალიერების და შეყოვნების უფლება.

ეს პირველ რიგში ისახავს მიზნად იმას, რომ თუ მანდატურებს შორის არის კონფლიქტური სიტუაცია, მანდატურს უნდა შეეძლოს განმუხტოს სიტუაცია. ეს კანონპროექტი იცავს ბალანსს ერთი მხრივ მანდატურის სამსახურის უფლებების გაზრდასა და მოსწავლის უფლებების დაცვას შორის”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღემდე 458 საჯარო სკოლაში დასაქმებულია 1300 მანდატური. 2018 წლის სექტემბრიდან 30 საჯარო სკოლაში 70 მანდატური დაემატება, ხოლო 2019 წლის იანვრიდან 100 საჯარო სკოლაში 200 მანდატური დაემატება.

კანონპროექტის თანახმად, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ფსიქოლოგების შტატის დასამატებლად 446.4 ათასი ლარია გათვალისწინებული.

კანონპროექტით გათვალისიწინებული ღონისძიებებისთვის 2018-2019 წლებში 10.6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

განათლების კომიტეტზე კანონპროექტს 15 მაისამდე გაიტანენ, მანამდე კი დოკუმენტი ადამიანის უფლებათა, საფინანსო და იურიდიულმა კომიტეტებმა უნდა განიხილონ.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა “მაესტროსთან” ინტერვიუს დროს განმარტა თუ რა დაევალება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მანდატური სკოლაში.

იტვირთბა....