ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც მოზარდები მათ თანატოლ ბიჭზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ.
მინისტრის განცხადებით, მსხვერპლის ვინაობა დადგენილია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს.
“გუშინ მოხდა ამ ბავშვის იდენტიფიკაცია. უკვე ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური, შსს და ამ მხრივ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მე ვიტყოდი, ძალიან შოკისმომგვრელი ფაქტია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს”, – განაცხადა სერგეენკომ.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.
“დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.