ვინც ვალდებულია, ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობის ტვირთი ზიდოს, ინიციატივა თავის ხელში უნდა აიღოს. ვინ არის, ამას გამგები გაიგებს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების კომენტირებისას.
„ეს პრობლემა თვითგანკურნებით არ დაიძლევა. ამიტომ, ვინც ვალდებულია, ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობის ტვირთი ზიდოს, ინიციატივა თავის ხელში უნდა აიღოს. ვინ არის, ამას გამგები გაიგებს.
სიტუაცია, რაც შეიქმნა, ჩემთვის მიუღებელია. პარლამენტში ის ადამიანები ბევრად მეტი ვართ, ვინც არც ერთი კონფლიქტის მხარეს არ ვართ, მაგრამ ის ხალხი ბევრად მოკრძალებულად ვიქცევით, ვისაც იმ გამარჯვებაში ბევრად მეტი დამსახურება აქვს, რა გამარჯვების წყალობითაც დღეს დაპირისპირებული მხარეები პარლამენტში არიან წარმოდგენილნი.
ეს არ ნიშნავს, რომ მეტი წვლილის შემტანი ხალხი ასე ცხოვრებას დიდხანს გააგრძელებს. ამიტომ, პროცესებში ის ხალხი უნდა ჩაერიოს, ვინც მდგომარეობაზე პასუხისმგებელია. ამ პრობლემას განკურნება სჭირდება, სხვა შემთხვევაში დაპირისპირება გაღვივდება და დაპირისპირების ნიშნები სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.