როდესაც არსებობს კითხვები, ყველას ერთნაირი პასუხი არ უნდა ჰქონდეს, ასე მიიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე.
„უმრავლესობის ფარგლებში უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისი რესურსი, როგორც პოლიტოკოსებმა ბოლომდე ამოწურონ. გარდა ამისა, ჩვენ იმის შესაძლებლობაც უნდა გვქონდეს, რომ თუ არის ამის აუცილებლობა და განსხვავებული აზრი არსებობს უმრავლესობაში ასეთი აზრი საჯაროდ იყოს ცნობილი და ამაში რაიმე უხერხულობა არ უნდა იყოს. ეს არის ცოცხალი პოლიტიკური პროცესი. თქვენ დასვით შეკითხვები, გინდათ პასუხები და ყველას რატომ უნდა ჰქონდეს იდენტური პასუხები?-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე თქმით, სასურველია, უმრავლესობის შეხვედრა დრულად ჩატარდეს. დეპუტატის თქმით, შეხვედრისთვის ყველა პერსონალურად ემზადება.
ფოფხაძემ, ასევე უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და დავით ჭიჭინაძის მიერ გამოთქმულ შეფასებებზე ისაუბრა.
„რაში გამოიხატებოდა შეურაცხყოფა? მე მგონია, ცოტა არასწორ კონტექსტს და აქცენტს ვაკეთებთ. დავით ჭიჭინაძეს არავის მიმართ არაფერი შეურაცხმყოფელი არ უთქვამს. დავით ჭიჭინაძეს აქცენტი არ გაუკეთებია შეურაცხყოფაზე, პირიქით, მგონია, ძალიან სიმპათიური პერსონაჟია, ის ვისზეც გააკეთა აპელირება.
იმედია, გია ვოლსკი ამას ხუმრობით მიიღებს, ამაში საწყენი არაფერი არ არის. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ გია ვოლსკის და ნეგატიურ კონტექსტში მის მიმართ არავის არაფერი უთქვამს. ამ კონკრეტულ შემთხვევას, როგორც ხუმრობას ისე განვიხილავთ. მე შეიძლება არ გამიხარდეს მულტფილმის პერსონაჟთან შედარება, მაგრამ უფრო უარესი შეურაცხყოფები მოვისმინე ჩემი მისამართით და ვცდილობ, ამას შევხედო მშვიდად და ვიფიქრო იმაზე, რომ მაქვს თმენის ვალდებულება,“–განაცხადა გედევან ფოფხაძემ.