ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა შავი პიარის ტალღის ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული”

შეწყალების საკითხის მიმართულებით, უკვე დავიწყეთ კონსულტაციები, თუ რა არის დასახვეწი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეწყალების საკითხთან მიმართებაში მის წინააღმდეგ უბინძურესი შავი პიარი აგორდა.

„ამ რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებამ იხილა და ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა. ამ მიმართულებით რა უნდა დაიხვეწოს, ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები და დავხვეწავთ კიდევ. კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა საზოგადოებამ შავი პიარის ტალღის ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული. ალბათ ამგვარი რამ კიდევ იქნება. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა.

მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, სოფელ თელეთში დააკავეს. მას ბრალი დაუმძიმდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ვეფხვია ბაქრაძემ საპყრობილე  2017 წლის მაისში დატოვა. ის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. თუმცა მანამდე ე.წ. უდოს კომისიამ მას შეწყალებაზე უარი ექვსჯერ უთხრა.

იტვირთბა....