საზარელი შემთხვევა მოხდა რუსეთში, კერძოდ სტერლიტამაკში. ადგილობრივი სკოლის მოსწავლე დანით თავს დაესხა თანაკლასელ გოგონას და მასწავლებელს. ამის შემდეგ, მან სკოლის შენობას ცეცხლი წაუკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სახანძრო მანქანები. ამის შესახებ ინფორმაციას პოპულარული რუსული ონლაინ-გამოცემა “გაზეტა რუ” ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი პრესა წერს, კრიმინალური აქტის განხორციელებამდე, ახლაგაზრდა ბიჭმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა:
“2 წლის განმავლობაში სკოლაში მჩაგრავდნენ. მშობლებს ყველაფერი ეკიდათ. ჩემი ფსიქიკა მოშლილია. არავის უნდა რომ დამეხმაროს. მე არ მაქვს ტალანტი და არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ მოვკლა. ჩემი არავის სჯერა. ჩემში კი ისეთი ზიზღია, რომ გაჩერება შეუძლებელია. მე კიდევ 30 ადამიანის მოკვლას ვაპირებ და ვაპირებ სკოლა ავაფეთქო” – ციტირებს გამოცემა ეჭვმიტანილი ბიჭის წერილს.
გამოცემა ასევე წერს თვითმხილველის კომენტარსაც. როგორ ამავე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე ამბობს, კლასში იჯდა, როცა მასწავლებელი შემოვარდა და თქვა რომ სკოლაში ხანძარიაო.
“გამოვედით და დავინახეთ ჩამტვრეული ფანჯრები. იქვე ეგდო სრულიად გათეთრებული გოგო. მერე მოგვიყვნენ, ერთი ბიჭი შევარდა მე-9 გ კლასში, ჩაკეტა კარი, თავს დაესხა თანაკლასელს, მეორემ თავს უშველა და ფანჯრიდან გადახტა. ირგვლივ სისხლი იყო.” – ეს ისტორია ადგილობრივი სკოლის მოსწავლემ სააგენტო “ბაშინფორმს” მოუყვა.