„ეს არის სტრეს–ტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.
მისი განცხადებით, მმართველ გუნში უთანხმოება არ არსებობს. გუნდს ერთიანი პოზიცია აქვს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით კი შიდა პარტიული კონსულტაციები იმართება. უმრავლესობის სხდომაზე ფრაქციებისა და უმრავლესობის დებულებებში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელებენ.
„ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არც ერთ სტრატეგიულ საკითხზე უმრავლესობაში უთანხმოება არ არსებობს. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ გვაქვს ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია. რაც შეეხება იმ საჯარო განცხადებებს, რომელიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გააკეთა, რა თქმა უნდა ამ საკითხებზე ჩვენ დაწყებული გვაქვს შიდა პარტიული კონსულტაციები. აღნიშნული საკითხები საზოგადოებისთვის ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი და პარტიული კონსულტაციების გზით გადავჭრით უმოკლეს დროში. ეს არის სტრეს–ტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ. გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებულია შიდა კონსულტაციები, ჩატარდება შიდა პარტიული კონსულტაცია. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, ვიმსჯელებთ რა საჭიროებები გვაქვს და რა შეიძლება შეიცვალოს ფრაქციების ან უმრავლესობის დებულებებში. ეს არის უახლოესი 10 დღის პერიოდის საკითხი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.