პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ის განცხადებას უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე არ წერს. მისი თქმით, ის მზად არის არსებული პრობლემების გადასალახავად გუნდის საქმიანობაში წვლილი შეიტანოს.
„განცხადებას უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე არ ვწერ, ასე რომ, ტექნიკურად ამ პროცესს არ ვიწყებ. თუ უმრავლესობაში აქვს ვიღაცას ჩემ მიმართ პრეტენზია და უნდა, ეს პრეტენზია სამართლებრივ შედეგებში გადასახოს, ეს უკვე იქნება იმ ადამიანების ინიციატივა და ისინი დააყენებენ ასეთ საკითხს.
მე მგონია, რომ ის კი არ უნდა ვარჩიოთ, ვინ იყო ჩვენ შორის მტყუანი, არსებული პრობლემების გადალახვაზე და უმრავლესობის განვითარებაზე ერთად უნდა ვიფიქროთ და მე მზად ვარ, ისევე, როგორც ხუთი წელი შემქონდა ჩემი წვლილი გუნდის საქმიანობაში, ამაშიც შევიტანო.
ჩემი ამოცანა და მიზანი არავის გახლეჩვა და არავის დაზარალება არ არის, პირიქით, მინდა, გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს სწორი გზით“, – ამბობს პირველ არხთან საუბრისას გედევან ფოფხაძე.
გედევან ფოფხაძე საკითხის ირგვლიმ მომდევნო კვირისთვის ჩანიშნულ კონსულტაციებს გამოეხმარა. მისი განცხადებით, საერთო ენის გამოსანახავად აუცილებელია უმრავლესობის სხდომაზე საკითხი განიხილოს.
„მე ახლა უფრო სწორად მიმაჩნია, დავანებოთ თავი საჯარო სივრცეში ერთმანეთის გაკრიტიკებას. დავსხდეთ და უმრავლესობის სხდომა კითხვებს პასუხს გასცემს, რაც მოგვცემს საშუალებას, ერთმანეთთან საერთო ენა გამოვნახოთ.
არ მინდა, ვინმეს ხელი შევუშალო, ემსახუროს ამ ქვეყანას, მაგრამ მეც მინდა, მომეცეს საშუალება, რომ პირნათლად, ჩემი სინდისიდან გამომდინარე ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ.
წყარო: პირველი არხი