რუსულ მედიაზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებზე საპასუხო კანონპროექტი შევიდა.
კანონპროექტი შემუშავებულია როგორც აშშ-ის არამეგობრული და არაკონსტრუქციული ქმედებების მიმართ საპასუხო ზომა. კანონპროექტს ჯერ ყველა ფრაქცია განიხილავს, შემდეგ დოკუმენტი გაიგზავნება რეგიონებში, მას დაამუშავებენ ექსპერტებიც, ბოლოს კი საპარლამენტო სხდომაზე განიხილება.
ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონის სანქციებს რუსეთმა შესაძლოა ამერიკული პროდუქციის იმპორტის შეზღუდვით უპასუხოს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა. დიმიტრი მედვედევის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას, საპასუხო ზომების შესახებ, პრეზიდენტი პუტინი მიიღებს.
დამატებითი სანქციები ვაშინგტონმა მოსკოვს 6 აპრილს დაუწესა. ე.წ. “შავ სიაში” 38 რუსი ბიზნესმენი, კომპანია და მაღალჩინოსანი მოხვდა, რამაც რუსული კომპანიები 17 მილიარდი დოლარით დააზარალა. ასევე მკვეთრად დაეცა რუსული რუბლის კურსიც.

