ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბახტაძე ივანიშვილთან დაახლოვებული პირია და გამორიცხული არაფერია”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „მეტრონომთან“ საუბარში ფინანსთა მინისტრის ბახტაძის განცხადებას აფასებს. მისი თქმით, მინისტრი ბანკების შესახებ გაკეთებულ კომენტარს  გუნდის ნაწილთან შეთანხმების გარეშე არ გააკეთებდა. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ მამუკა ბახტაძე არ არის ის პიროვნება, რომელიც  ასეთ თამამ განცხადებებს  გარკვეულ წონიან დეპუტატებთან შეთანხმების გარეშე აკეთებდეს.

ანალიტიკოსის აზრით, ბახტაძემ პოლიტიკურად საკმაოდ სწორი განცხადება გააკეთა და საზოგადოების დიდი ნაწილის წუხილი გაახმაურა. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ამ განცხადებაში ასევე მეორე საფრთხე იმალება, რომ მსგავსმა განცხადებებმა, შესაძლოა საზოგადოების მხრიდან საბანკო სექტორის დისკრედიტაცია გამოიწვიოს.

„ბახტაძე რაც ფინანსთა მინისტრი გახდა,  თავისი განცხადებებით და ეკონომიკური პროექტებით საკმაოდ სწორ გზაზე დგას. ეს კი „ქართული ოცნებისთვის“ საკმაოდ კარგი ქულების მომტანია. მისი ყველა ქმედება საზოგადოების ინტერესებზეა მორგებული. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს პირველი მერცხალი და გაფრთხილება, რომ მთავრობა საბანკო სექტორთან თავისი მიდგომების გადახედვას აპირებს. ბახტაძემ  სტატუსი საკმაოდ კარგად გამოიყენა, რომ ეს პრობლემა ღიად გაეხმაურებინა.

მისი პრეზიდენტად ან პრემიერად  დასახელებას რაც შეეხება, გამორიცხული არაფერი არ არის. თუმცა ამაზე საუბარი გადაჭრით რთულია. როგორც ვიცი ის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული პირია და მმართველ გუნდში არ მგონია, რომ რომელიმე ე.წ. დაჯგუფების წევრი იყოს.  მისი რეპუტაციური რეიტინგი დანიშვნის დღიდან აღმავალი ხაზით მიდის. მან წარმოადგინა ინიციატივები, რომელმაც საზოგადოებაში მოწონება დაიმსახურა. მისი პიროვნული თუ პოლიტიკური რეიტინგი მაღლა მიდის და არ არის გამორიცხული, რომ მმართველმა გუნდმა ეს ფაქტორი გამოიყენოს და რომელიმე კანდიდატურაზე დაასახელოს“,-განაცხადა „მეტრონომთან“ ზაალ ანჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ რეალური სექტორისა და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკისადმი ბანკების ნეგატიური დამოკიდებულება ბოლოს და ბოლოს მთავრობამაც დაადასტურა. ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირდაპირ დაადანაშაულა საბანკო სისტემა ეკონომიკის დამუხრუჭებაში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საფინანსო სექტორმა მთავრობისგან მწვავე დარტყმა იგემა. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ეკონომიკაზე ბანკების გავლენა შემცირდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი იქნება.

 

იტვირთბა....