ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

შამანოვი: “რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია”

დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ შამანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაშია.  მისი თქმით, მზადყოფნა აშშ-ის მხრიდან სირიაში მოსალოდნელ იერიშს უკავშირდება.

გუშინ ასევე განცხადება გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა, რომლის თქმით, პენტაგონი უკვე მზადაა სირიაზე დარტყმისთვის ვარიანტების წარმოსადგენად, სავარაუდო ქიმიურ დარტყმაზე საპასუხოდ, მაგრამ, მისივე განმარტებით, აშშ და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას.

დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში. გუშინ კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა – მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

იტვირთბა....