ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელიზბარაშვილი ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ თავშესაფარს ხურავს

„დღეს მივიღე თავშესაფრის დახურვის გადაწყვეტილება, ჟურნალისტების წყალობით მივიღე, რადგან ორიენტირებული ხართ, როგორმე ვიღაცა გალანძღოთ“ – ამის შესახებ „ლიბერალს“ ძაღლთა თავშესაფრის მფლობელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა განუცხადა.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს თავში ურტყამს და აგინებს.

ელიზბარაშვილის თანამშრომელზე ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ თანამშრომელს თავში „ემოციურად წამოუთაქა“, რადგან ეს უკანასკნელი ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა.

იგი უარყოფს ყოფილი თანამშრომლის, ლელა თოლორდავას ბრალდებებს, რომ თანამშრომლებზე სისტემატურად ძალადობს და ამბობს, რომ თოლორდავა იტყუება.

„მთელი აღჭურვილობით უნდა წამოსულიყვნენ, მათ შორის ჯაჭვის გადასაჭრელი მაკრატლით. მოვიდა ჯგუფი და რას ვხედავ, ვანო (სახელი შეცვლილია) არის მთვარალი, ფეხზე ძლივს დგას. ძაღლთან ნასვამი არ შეიძლება. მაშველი მთვრალი გაგიგიათ? ნასვამი ადამიანი საჭესთან. ამ ადამიანმა დაარღვია ყველანაირი ინსტრუქცია. ამ კაცმა არა მარტო მეორე მაშველის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში, არამედ ჩემიც“ – განაცხადა ელიზბარაშვილმა.

ელიზბარაშვილი ამბობს, რომ თავის საქციელს არ ამართლებს, თუმცა აქვე დასძენს: „მეგობარს, რომელსაც ვამუშავებ, თავში წამოვარტყამ თუ ტრ***ში თითს გავუკეთებ, ეს არავის საქმე არ არის”.

„მინდა, დავლევ და მინდა, არაო – მითხრა. რა გამეკეთებინა? პატრულისთვის გამომეძახა, ნასვამი რომ იჯდა, თუ თქვენთვის მომემართა? რაც შეეხება იმას, ვამართლებ თუ არა ჩემს საქციელს, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ. უნდა გამომეძახებინა პატრული და უნდა გადამეცა ჩემი მთვრალი თანამშრომელი, რომელსაც ორმოცი წელია, დაახლოებით, ვიცნობ. ჩემი მეზობელია, ჩემი მეგობარია ვანო.” – უთხრა ელიზბარაშვილმა „ლიბერალს“.

მისი თქმით, როცა მეგობარი გიღალატებს, პოლიციას კი არ გამოუძახო, არამედ თავში უნდა წაუთაქო.

„მე მინახია, პარლამენტში როგორ იქცევიან დეპუტატები, როგორი ცემა-ტყეპა აქვთ და დედის გინება აქვთ, უამრავი შემთხვევა ყოფილა ასეთი, თუ გნებავთ პრემიერ-მინისტრის გინება, თუ გნებავთ, ბორჯომის საკრებულოში რაც ხდება, ამაზე ასეთი განგაში არ აგიტეხავთ და მე, რომელმაც ჩემს ლოთ ძმაკაცს, რომელიც დასაქმებული მყავს იმ სამაშველოში, თავში ხელი წამოვარტყი, ამაზე ერთი ამბავი ატეხეთ. მაინტერესებს, საიდან მოდის ეს ბინძური პიარკამპანია ჩემს წინააღმდეგ, რაიმე შეკვეთას აქვს ადგილი“ – ამბობს ელიზბარაშვილი.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა თავშესაფარში განთავსებულ ძაღლებს, ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მათ თაობაზე მერიას მიმართავს.

„ქუჩიდან 353 ძაღლი ავიყვანე თავშესაფარში, სისცოცხლე ვაჩუქე. მერიას მივმართავ და ვეტყვი, აგერ, ბატონო ეს ძაღლები, ქუჩიდან მოყვანილები. მე დღეს თქვენ ჩამწიხლეთ ყველამ და ღირსი ხართ, ამის შემდეგ საქართველოში ჩემნაირი კაცი იყოს?!“ – ამბობს ელიზბარაშვილი.

liberali.ge

იტვირთბა....