შეწყალების პროცესის მიმართ ბოლოდროინდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის მიზანმიმართული შეტევა შეწყალების პროცესის და შეწყალების იდეის წინააღმდეგ, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა.
“ეს არის მიზანმიმართული შეტევა შეწყალების პროცესის და შეწყალების იდეის წინააღმდეგ. მინდა, ვთხოვო ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს და ცდილობს, თავისი სასარგებლო პოლიტიკური ქულა დაიწეროს, რომ ძალიან სწორად გაიაზრონ ეს, რადგან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია მაღალჰუმანური შეწყალების პროცესი, რომელიც დღეს საქართველოში წარმატებით ხორციელდება. ჩვენ ბოლო რამდენიმე დღეა ვაკვირდებით როგორ მიზანმიმართულად ცდილობენ ამ პროცესის დანგრევას ეს არის დაუშვებელი”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
რაც შეეხება კონკრეტულად ირაკლი ქორიძის საქმეს, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ თავის დროზე კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილება იყო დადებითი, ხოლო პრეზიდენტთან შესაძლო ნათესაურ კავშირზე, კომისიას ინფორმაცია არ ჰქონია:
„როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს მედიასაშუალება ან საჯარო პირი, მან გარკვეული წილი პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს, რომ ამით ძალიან სერიოზულ ჩირქს ცხებს შეწყალების საქმეთა კომისიას, რომლის წევრებს აქვთ საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია. ეს ადამიანები არ იღებენ გადაწყვეტილებას ნათესაური კავშირების, თუ სხვა ინტერესების გამო.
გადაწყვეტილებებს რეკომენდაციის სახით იღებს შეწყალების კომისია. ირაკლი ქორიძეზე კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილება იყო დადებითი. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს მაშინ გათავისუფლება და პრეზიდენტმა ჩვენი რეკომენდაცია გაიზიარა. საქმის დეტალებში არ შევდივარ, აქ ბევრი პერსონალური ინფორმაციაა. მესმის, ვიღაცეების პოლიტიკური დღის წესრიგი ითვალისწინებს, რომ ისინი უნდა დაუპირისპირდნენ პრეზიდენტს და ამ ფორმით აწარმოონ შავი პიარი, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ არ დავამახინჯოთ ფაქტები”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.