საპარლამენტო ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ფულადი ჯარიმის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებას ითხოვს.
“1tv”-ის ინფორმაციით, ემზარ კვიციანმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების მიხედვით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ერთ წლამდე.
ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ორ წლამდე. კანონპროექტის ავტორი განმარტავს, რომ ცვლილებების მომზადების მიზეზია, საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და წმინდანების შეურაცხყოფა.