საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დუადასტურეს.
აღნიშნული პროექტი საკანონმდებლო ორგანოში 23 მარტს მიიღეს. დოკუმენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეფუძნება.
ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, 2024 წელს ე.წ. ბონუს სისტემა აღარ ამოქმედდება. ამასთან, ხუთი პროცენტიდან სამ პროცენტამდე მცირდება საარჩევნო ბარიერიც.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციიდან ამოღებულია სიტყვები – „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“, „მართლმსაჯულების განხორციელება“ და აღნიშნულია, რომ „ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
ამასთან, საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებიც გაფართოვდა და შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით გაიზრდება. გარდა ამისა, ის ჩანაწერიც გაუქმდა, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.
რაც შეეხება საარჩევნო თემატიკას, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუს სისტემა ამოიღეს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ოთხი საკითხის გარდა, პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ტერმინოლოგიური ცვლილებაც განხორციელდა და ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ შეიცვალა.
პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა იმის გამო, რომ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, უმრავლესობას ვეტოს დაძლევა 13 ოქტომბერს მოუწია. კონსტიტუცია კი, ძალაში 2018 წელს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.