ბორჯომის საკრებულომ სახელფასო ნუსხა და საშტატო ერთეული დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, უცვლელი რჩევა მერის და საკრებულოს თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება.
400 ლარით იზრდება მერის მოადგილის ხელფასი, 350 ემატებათ სამსახურის ხელმძღვანელებს, ხოლო რიგითების შრომითი ანაზღაურება 100-200 ლარამდე გაიზრდება.
მანამდე ბორჯომის საკრებულომ ზაზა ჩაჩანიძის შემცვლელად 21 ხმით ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე “პატრიოტთა ალიანსის” წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩია, თავმჯდომარის მოადგილე კი”ქართული ოცნების” წევრი ოთარ არბოლიშვილი გახდა.
28 მარტს საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო, დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15-მა დეპუტატმა თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნის მიზნით, ხელმოწერები საკრებულოს 21 მარტს წარუდგინა. 15 ხელმომწერიდან 13 “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, 2 კი “პატრიოტთა ალიანსის”.
ბორჯომში დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოები იყო, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებდა.
ბორჯომის საკრებულომ გასულ კვირას მეექვსედ უთხრა უარი მუნიციპალიტეტის მერიას მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაზე, შესაბამისად, არც ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა.