მოსკოვის რაონულმა სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოვს 10 წელი და 10 თვე მიუსაჯა. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო გამოძალვის ბრალდებით. სასჯელს კალაშოვი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის ფიგურანტები ძალადობდნენ რესტორნის მფლობელზე და ისე სძალავდნენ ფულს.
ამასთან, კალაშოვი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. განაჩენში აღნიშნულია, რომ მან დაჯგუფების ლიდერის პოზიცია ასლან უსოიანის მკვლელობის შემდეგ დაიკავა.
კალაშოვი ცდილობდა თავის გავლენის გაზრდას, ნიშნავდა და ათავისუფლებდა დაქვემდებარებულ პირებს და აკონტროლებდა ე.წ. ობშიაკს – აღნიშნულია სასამართლოს განაჩენში.
შეაგახენებთ, შაქრო კალაშოვი დაიბადა თბილისში 1953 წლის 20 მარტს, ეროვნებით იეზიდია, 1971 წელს კანონიერ ქურდად აკურთხეს თბილისში, 1989 წელს მან დატოვა საქართველო და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 2003 წელს კი ესპანეთში გადაბარგდა.
კალაშოვი რუსეთში სამჯერ გაასამართლეს, ხოლო 2005 წელს ესპანელმა სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაცია “ოსა” ჩაატარეს, თუმცა კალაშოვმა მოახერხა და გაერთიანებულ საემიროებში გაიქცა, 2006 წელს არაბმა სამართალდამცავებმა კალაშოვი დააკავეს და ესპანეთს გადასცეს.ესპანეთის სასამართლომ მას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის 20 000 000 ევროს გადახდა და 12 წელი ციხე მიუსაჯა.
2010 წელს კალაშოვის ექსტრადირებას დაჟინებით თხოვდა ქართული მხარე, ადამიანის გატაცებასა და ქურდული სამყაროს წევრობაში სდებდა ბრალს, საბოლოოდ ქართულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საბოლოოდ, 2015 წელს კალაშოვის ექსტრადირება რუსეთში მოხდა.