ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ შეთანხმებას ხელი რუსეთმა უნდა მოაწეროს, როგორც კონფლიქტის მხარემ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვეს განცხადებით, ქართული მხარე თავისებურად ახდენს იმ შეთანხმების ინტერპრეტირებას, რომლის საფუძველზეც დღეს ჟენევის დისკუსიები ფუნქციონირებს.

მისი თქმით, ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვს, რომ ერთობლივი ზეპირი განცხადება და შემდეგ უკვე შეთანხმება იქნას მიღებული საქართველოსა და რუსეთს შორის.

“ჩვენი პოზიცია კარდინალურად განსხვავდება. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ შეთანხმებას ხელი რუსეთმა უნდა მოაწეროს, როგორც კონფლიქტის მხარემ“, – აღნიშნა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი განცხადების მიღება ძალის გამოუყენებლობის შესახებ  “შედეგს არ მოიტანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე”.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ  ინტენსიური დისკუსია შედგა ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განცხადების პროექტთან დაკავშირებით.

„ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მიერ ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას. რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....