ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს “თელასმა” ელექტროენერგიის კაბელი გადაუჭრა – ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ცენტრის დირექტორზე დაყრდნობით წერს.
თეა გოდოლაძის თქმით, ელექტროენერგიის კაბელი ცენტრს “თელასმა” პირველად შაბათს გადაუჭრა. ცენტრმა ფუნქციონირება გენერატორის დახმარებით განაგრძო, თუმცა ისიც მწყობრიდან გამოვიდა და მუშაობა შეფერხდა. მოგვიანებით “თელასის” ტექნიკურმა ჯგუფმა კაბელი აღადგინა და ცენტრს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა დღეს “თელასმა” კაბელი კვლავ გადაუჭრა:
“კაბელი გადაჭრეს ჯერ შაბათს და ახლა უკვე მეორედ დღეს. მიზეზი: სქემა არა აქვთ კაბელების. კორპუსისთვის გაჰყავთ დენი და სხვას უჭრიან კაბელებს. ვრეკავ თელასის ცხელ ხაზზე და ვითხოვ, დამაკავშირონ ტექნიკურ დირექტორთან. არ დამაკავშირეს, ტექნიკური დირექტორი აბონენეტებს არ ესაუბრებაო. ვეუბნები, რომ ეს სეისმური მონიტორინგის ცენტრია. მისი სისტემიდან გათიშვა არ შეიძლება, მე ცენტრის დირექტორი ვარ. არ დამაკავშირეს. იძულებული ვიყავი განმეცხადებუნა პოლიციაში” – ამბობს ცენტრის დირექტორი.
როგორც გოდოლაძე ამბობს, მომხდარის შედეგად, ცენტრის კუთვნილი აპარატურა დაზიანდა და მისი ფუნქციონირება შეფერხდა:
“ამ ქვეყანაში რაღაცა რომ მოხდეს, მე ვარ პასუხისმგებელი, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო და წარმოიდგინეთ, ამის საშუალება არ მეძლევა. ახლა ვითვლით, რამდენი კომპიუტერი დაიწვა. ჩვენ არ გვაქვს იმდენი ბიუჯეტი, ეს მოწყობილობები ხვალვე ვიყიდო, გარდა ამისა ეს შესყიდვების კანონით რეგულირდება და დროში იწელება” – უთხრა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა “ნეტგაზეთს”.
თეა გოდოლაძის თქმით, ამ დროისთვის ცენტრს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
წყარო: netgazeti