საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ვერც რუსეთის და ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისგან ვერაფერი ვერ გაიგეს და ვერც მოისმინეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციამ უნდა აიღოს. დონდუას თქმით, რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით აბსურდული განცხადებები გაკეთდა.
„მთავარი აქცენტი გავაკეთეთ ტატუნაშვილის საქმეზე, რაზეც სამწუხაროდ, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერი შინაარსიანი ვერ მოვისმინეთ და ვერ გავიგეთ ვერც რუსეთის, ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისაგან. ცხინვალის წარმომადგენლებმა იგივე განცხადება წაიკითხეს, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ, სრულიად აბსურდულს.
ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მოხდა მკვლელობა, მოხდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, რომელიც იყო უკანონოდ დაკავებული. ახლა ჩვენთან მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც უნდა დასრულდეს და არავინ ხელი არ უნდა შეუშალოს მის დასრულებას, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ადამიანი არის ნაწამები და ახლა უნდა მოხდეს ამის გამოძიება და ის ვინც არის დამნაშავე, ის უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე,“ – განაცხადა დონდუამ.