ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის იერსახის თვითნებური შეცვლა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

დედაქალაქთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სანქციები უშუალოდ იერსახის თვითნებურ შეცვლაზეც მკაცრდება.  თბილისის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

მოქმედი კოდექსით, ქალაქის იერსახის თვითნებული შეცვლა 200-ლარიან ჯარიმას იწვევს და ეს სანქცია ყველა მუნიციპალიტეტზე ვრცელდება.

გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება ხდება არამარტო თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, არამედ მათი დაზიანებაც.

ამავე ცვლილებით იზრდება ჯარიმის ოდენობები თბილისში ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა-დაზიანებაზე, სამშენებლო მასალებით ჩახერგვაზე, გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვებასა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობების დარღვევა-შეუსრულებლობაზე. კერძოდ, ფიზიკური პირის შემთხვევაში, 500 ლარიანი ჯარიმა ორმაგდება და 1000 ლარი ხდება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი, 2000 ლარიანი ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება.

მკაცრდება “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილ დამცავ ზონაში ზემოხსენებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაც: – ფიზიკური პირის შემთხვევაში 1 000 ლარიანი ჯარიმა ორმაგდება და ხდება 2000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი, 4000 ლარიანი ჯარიმა 6000 ლარამდე იზრდება.

“ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

იტვირთბა....