„ქართული მარშის“ 6 წევრისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ექვსი პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ირაკლი დ.-ს, ვლადიმერ ს.-ს, ლუკა ნ.-ს, მიხეილ ა.-ს, გიორგი ო.-ს და ბექა რ.-ს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გიორგი ო.-ს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ლუკა ნ.-ს, გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალდების თანახმად, ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად, 2018 წლის 19 მარტს, ‘’რუსთავი 2’’ -ის შენობის წინ შეიკრიბნენ და კომპანიის თანამშრომლების მიმართ იგინებოდნენ, გამოხატავდნენ აგრესიას და აშკარა უპატივცემულობას იქ მყოფი საზოგადოების მიმართ, რასაც დაემატა კომპანიის თანამშრომლების მიმართ ძალადობა და ძალადობის გამოყენების მუქარა. „რუსთავი 2“-ის იურისტსა და გადაცემა P.S.-ს წამყვანს, რომლებიც შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდნენ, ბრალდებულებმა გზა ჩაუკეტეს. ლუკა ნ.-მ იურისტის მანქანის ძარის ხუფი ფეხის ჩარტყმით დააზიანა, რითიც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა, ხოლო მანქანაში მყოფ ტელეწამყვანს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. გიორგი ო.-მ, ‘’რუსთავი 2’’-ის ერთ-ერთ ჟურნალისტს სახეში ძლიერი დარტყმით მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმე ეხება ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენას, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დასადგენია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, გამოსაკითხია სხვადასხვა პირები, ამდენად მტკიცებულებათა მოპოვებისათვის და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ ბრალდებულებს პატიმრობა განუსაზღვრა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 8 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.