პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გენდერული პოლიტიკის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ქალებს პარლამენტში მუშაობის სურვილი არ აქვთ.
“მთელი ჩემი ცხოვრება მომხრე ვიყავი, რომ ქალებმა რაც შეიძლება მეტი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში და ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან მგონია, რომ ქალების მიდგომა ზოგი საკითხების მიმართ არის მრავალფეროვანი და დამაბალანსებელი. მიუხედავად ამისა, მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი კვოტების წინააღმდეგი იმიტომ, რომ ღრმად მჯერა, ქალებს არ უნდა ჭირდებოდეთ კვოტები, მითუმეტეს საქართველოში, რეალურად საქართველოში არ ჭირდებათ და არ ჭირდებოდათ, ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ, მაგრამ თუ ვისაუბრებთ პოლიტიკაზე დაწყებული გასული საუკუნის დასაწყისიდან, განმანათლებელ მოძრაობაში, ეროვნულ მოძრაობაში, ყველა იმ პოლიტიკურ პროცესებში ქალები იყვნენ წინა ფრონტზე და ეკავათ თავიანთი ადგილი ყოველგავრი კვოტების გარეშე.
მოცემულობა მსოფლიოში არის, რომ კვოტების გარეშე ქალები ვერ იკავებენ თავიანთ პოზიციებს და ჩვენ ამას თავს გვახვევენ, არ ვარ დარწმუნებული, რომ მექანიკური ზომებით ამას მივაღწევთ და რაც მთავარია არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პრობლემა არის კორექტულად დასმული, ანუ პრობლემა ის არის, რომ ქალები ვერ მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ ის, რომ არ მონაწილეობენ, არ აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ იმ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ამ ქვეყანაშია, სურვილი არ აქვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ პარლამენტში, როდესაც უყურებენ როგორ ტარდება სხდომები, არ აქვთ ინტერესი, ეს უნდა გაუჩინოთ მათ, ქალებს პოლიტიკის სხვა მაგალითი უნდა მივცეთ, უნდა დაინახონ, რომ მათ უღირთ ქვეყნის ცხოვრებაში ამ მიმართულებით ჩართვა, ვიდრე იმ დარგებში ყოფნა სადაც არიან ან თუნდაც უცხოეთში ყოფნა”, – წერს ზურაბიშვილი.