ახალი ამბები მთავარი სამართალი

პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.კენჭისყრაში მონაწილეობისგან “პატრიოტთა ალიანსმა” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავი შეიკავა.

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

ამასთან, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება უნდა განსაზღვროს, რომელიც პარლამენტს დადგენილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ რეგულარულ ანგარიშს წარუდგენს.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პარლამენტი-ეყრდნობა რა, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელშეუვალობის პრინციპს;
ეფუძნება რა, მოქალაქეთა და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთგზის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით;
ადასტურებს რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია;

გამოხატავს რა, მუდმივ მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღსადგენად და საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სიკეთეები ხელმისაწვდომი გახადოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის;

მიესალმება რა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართ;

აცხადებს რა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი მიზანია;
აცნობიერებს რა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველასთვის ცხადი იყოს, რომ საქართველოს სახელმწიფო არასდროს შეეგუება მისი მოქალაქეების მკვლელობას, გატაცებას, წამებას და მათი უფლებების სხვაგვარ უხეშ შელახვას და მიიღებს ყველა სამართლებრივ ზომას დამნაშავეთა დასასჯელად და მოახდენს მკაცრ სამართლებრივ და პოლიტიკურ რეაგირებას ყველა მსგავს დანაშაულზე;

გმობს –რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს; რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაციას; ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეგულარულ უხეშ დარღვევას, რაც დადასტურებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური დოკუმენტებით:

– ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას; –საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფას და მკვლელის მიმართ სამართლის აღსრულების შეფერხებას, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას; – საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, საქართველოს მოქალაქეთა რეგულარულ გატაცებას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, და მათ უკანონო დაკავებას; – მოსწავლეთათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის აღკვეთას; – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათეულობით ქართული სოფლის განადგურებას; – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ხელის შეშლას, რაც ამძიმებს ომითა და ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობის რთულ მდგომარეობას და აფერხებს სამშვიდობო პროცესს;

მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან –უზრუნველყოს სამართლის აღსრულება გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ; შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება,
შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ.

„დამოუკიდებლობის“აღიარების შესახებ;

შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და არ შეუქმნას ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენას და ურთიერთობების გაღრმავებას; კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისა და მათი ძირითადი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;

გამოიჩინოს კონსტრუქციული მიდგომა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად გაეროს, ეუთოს და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების შესაბამისად;
უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხელი არ შეუშალოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში;

მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას –მიიღოს ზომები, რათა საქართველოს ხელისუფლებას მიეცეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, და უზრუნველყოფილ იქნეს დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება;
მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლის აღსრულება გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ;
დააწესოს ყველა შესაძლო შეზღუდვა და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სიის შესაბამისად;
გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება;

უზრუნველყოს ძალისხმევის კონსოლიდაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე გადასაწყვეტად, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის მიზნით;

გააძლიეროს ძალისხმევა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის ხელშესაწყობად და ნდობის აღსადგენად;
მიმართავს საქართველოს მთავრობას –დადგენილებით დაამტკიცოს და 2018 წლის 15 ივნისამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“; მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად;

განსაზღვროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარუდგენს რეგულარულ ანგარიშს დადგენილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

იტვირთბა....