გადაცემა “არჩევანის” დასაწყისში გიორგი გაბუნიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოდიშს არ მოიხდის და გადაცემას მის ნაცვლად ეკა კვესიტაძე წაიყვანს, რადგან ის რუსთავი2-ზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეში მთავარი ფიგურანტია. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
“დღეს მე ხუთი საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე, პირველად ჩემს ცხოვრებაში. გუშინ ნახევარი საათის განმავლობაში ვიყავი ტყვეობაში, ასევე პირველად ჩემს ცხოვრებაში.
პირველ რიგში მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მე და ჩვენი იურისტი ამ ტყვეობიდან დაგვიხსნა – მადლობა პატრულს, მადლობა ჩვენი არხის დაცვის სამსახურს და განსაკუთრებული მადლობა „რუსთავი2“-ის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, როგორც ერთი კაცი, დადგა რიგითი გაბუნიას გადასარჩენად. იქ იყო აბსოლუტურად ყველა – გენერალური დირექტორიც, ჟურნალისტებიც, ოპერატორებიც, მემონტაჟეებიც, პროდიუსერებიც, დეკორატორებიც, მძღოლებიც და ა.შ., ყველა ერთად.
აქვე მინდა ვთქვა, რომ, თუ ვინმემ ჩემი განცხადებების გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ეს პირველად არ მომხდარა, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე. ამიტომ ვთვლი, რომ არავისთან არაფერი საბოდიშო არ მაქვს. შესაძლებელია, ვიღაცისთვის ჩემი, როგორც ასეთის, არსებობაც კი შეურაცხმყოფელია და ბოდიში ხომ არ უნდა მოვიხადო იმისთვისაც, რომ ვარსებობ? მე ამას არ გავაკეთებ. მე არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.