ახალი ამბები მთავარი სამართალი

კილაძე: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებელი საქმიდან გამქრალია

ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “არჩევანში” გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორმა ელისო კილაძემ მოყვა, როგორ მივიდა მასთან მოქალაქე გელა ღურწკაია და უთხრა, რომ მას აქვს კომპრომატები პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის წინააღმდეგ. კილაძის თქმით, შემდეგ ვიზიტზე მან მოიტანა მეხსიერების ბარათი, კილაძემ კი სრულად გადაიღო მისი ვიზიტი, მიმართა პროკურატურას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

“მეორე დღეს 5-კაციანი ჯგუფი დაიჭირეს. გელა ღურწკაია და სხვა დანარჩენები. სასამართლო პროცესები არ არის დასრულებული. მოვიპოვე სასამართლოსთან მიცემული ჩვენებები. სხომების დროს მქონდა დადებული გაუთქმელობის ხელწერილი. ღურწკაიას ჩვენებაში ყვება, რომ 2015 წელს შეხვდა მოქალაქე ვაჟა ციცილოშვილს, რომელმაც მას აჩვენა პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები. მათ შორის ის ფირებიც, რომლებიც გამოქვეყნდა ინტერნეტ სივრცეში. გადასცა მას ფირები, უყურა და გადაწყვიტა, რომ დეკემბრის ბოლოს ჩემთან მოეტანა.

ამის შემდეგ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ხდება ის, რომ ვაჟა ციცილოშვილი, რომელიც ღურწკაიამ დაასახელა, საქმიდან საერთოდ არის გამქრალი. ის არის ყოფილი სპეცრაზმელი. ეს პირი საერთოდ საქმიდანაა ამოღებული და მე კითხვა მიჩნდება, რითი დამთავრდა გამოძიება. სრულიად მოულოდნელად, უკვე სხვა პირს, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, რომელმაც გელა ღურწკაია ჩემთან მოიყვანა, და ინგა ჩატოიანს, რომელსაც საერთოდ არ ვიცი რა შეხება აქვს ამ საქმესთან, საპროცესო გარიგება გაუფორმეს და დანარჩენი სამი პირის, გელა ღურწკაიას, ირაკლი ფხალაძის და ზურა ჯამალაშვილის სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ დასრულებული არ არის” – განაცხადა ელისო კილაძემ.

ის მიმართავს თბილისის მთავარ პროკურორს, რომ ბოლომდე მიიყვანოს აღნიშნული საქმე და დაინტერესდეს, რატომ ამოიღეს და გააქრეს საქმიდან მთავარი ფიგურანტი. კილაძე ვარაუდობს, რომ თუ ციცილოშვილს დაკითხავდნენ, გამოძიება შესაძლოა ხელისუფლების მაღალჩინოსნების კვალზე გასულიყო.

“ციცილოშვილს თუ ნორმალურად დაკითხავდნენ, იძულებული გახდებოდა დაესახელებინა ის პირები, თუ ვინ გადასცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. მივიდოდით კვალამდე, ვინ იყო დაინტერესებული. არ უნდოდათ დამკვეთებზე გასვლა. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ცნობილ გვარებამდე შეიძლება მისულიყო გამოძიება. შესაძლებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ ამ საქმის დამკვეთები”- განაცხადა კილაძემ.

იტვირთბა....