ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის შესახებ განაცხადა, რომ მოხარულია რეზოლუციით, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერილი არაა.
“ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სერიოზული პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვავე სერიოზული პრობლემის ირგვლივ ჩვენი კონსოლიდაცია მოხერხდეს მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. მივესალმები იმას, რომ ჩვენ მივიღებთ რეზოლუციას, რომელიც არ იქნება მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მხარდაჭერილი”, – განაცხადა ხულორდავამ.
როდის შეიძლება მოხერხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, თამარ ხულორდავამ განმარტა, რომ იმედოვნებს გადმოსვენება მოხდება უმოკლეს ვადებში.
“ამის შესახებ მეც ისეთი ინფორმაცია მაქვს, როგორც თქვენ. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება უმოკლეს ვადებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდეს ოჯახს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხულორდავამ.
რაც შეეხება რეზოლუციაში ე.წ. ტატუნაშვილი- ოთხოზორიას სიას, თამარ ხულორადავას განცხადებით, რეზოლუციაში განსაზღვრულია, რომ მთავრობაა პასუხისმგებელი სიის შედგენაზე, შესაბამისად, მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის უწყებას, რომელიც ამ სიაზე იმუშავებს, ეს შეიძლება იყოს პროკურატურა, რადგან საუბარია ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებზე.
“რაც შეეხება სანქციებს და იმას, თუ რა დაბრკოლებებს შეუქმნის ეს ამ პირებს, ჩვენ ამ პირების მიმართ გარკვეულ ქმედებებს ახლაც ვახორციელებთ. მაგალითად, ოთხოზორიას შემთხვევაში მკვლელის მიმართ შესულია ძალაში განაჩენი, უბრალოდ ვერ ხერხდება მისი აღსრულება, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას, მაგრამ მის მიმართ საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობს. ჩვენ ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან. მათზე შეიძლება მოხდეს გარკვეული სავიზო შეზღუდვების დაწესება და ასევე სხვადასხვა ტიპის სანქცია შეიძლება იყოს გათავლისწინებული, რაზეც უნდა ვიმუშაოთ დამატებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა ხულორდავამ.