ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. მივიდა ქ.ზუგდიდში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“-ში და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“-ს კუთვნილ თანხას – 5055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2018 წლის 25 იანვარს ზ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით, 4 თვის და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.