საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქთან ნიკა გვარამიას შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს თქმით, შეხვედრის ინიციატორი იყო თავად გვარამია, რომლის მიზანიც იყო ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა პრეზიდენტისთვის დეკანოზი მამალაძის შეწყალების შესახებ.
“ა.წ. 15 მარტს, ხუთშაბათს, შედგა ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.
სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და ,,შაბათის კურიერის“ ,,პრომოშიც“ გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.
ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.
კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა, თუ როგორ იმოქმედებს.
P.S. რომ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა”,-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს რამდენიმე დღის წინ შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ასევე რამოდენიმე დღის წინ, გვარამია იურისტის სტატუსით დეკანოზ გიორგი მამალაძესაც შეხვდა.