ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტები მოინახულა.
ქუმსიშვილის თქმით, ერთ-ერთმა დაშავებულმა ისევ გუდაურში დაბრუნება ითხოვა. ასევე მინისტრმა აღნიშნა, რომ იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა რომელიც პროკურატურის საგამოძიებო პროცესში ჩაერთვება.
„ექსპერტებს ჩამოვიყვანთ, რომელთაც პროკურატურა გამოძიების პროცესში ჩართავს. ჩვენ ვთქვით, რომ დავამატებთ ერთ ან ორ საექსპერტო კომპანიას. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს. დოპელმაიერის“ წარმომადგენლები გუდაურში, ალბათ, დღეს ავლენ, თუმცა მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, შეეხონ მოწყობილობა-დანადგარებს, მათ შეუძლიათ, ვიზუალურად დაათვალიერონ ადგილი.
ტურისტული სეზონი გრძელდება, ერთ-ერთი დაზარალებული დილიდან გაეწერა და მან მოგვთხოვა აგვეყვანა.
კურორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ჩვენ შევთავაზეთ დაზარალებულებს, რომ მათ დავპატიჟებთ შემდეგ წელს და ისინი დაგვთანხმდნენ“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება დაშავებულების ოჯახის წევრებს, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ისინი სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში დააბინავეს.
ცნობისთვის, გუშინ გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 11 პიროვნება დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.