სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა (კრიტიკულია ისეთი შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია) – ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობენ.
სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა 3 რესტორანში. შემოწმების პროცესი კვლავ გრძელდება.