უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოს პარლამენტის დარბაზში ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს.
„გამოძიებას აქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო პირადად გეგმავდა, პირადად აძლევდა ბრძანებებს საბრძოლო ყუმბარების გამოყენებით პარლამენტის დარბაზში ტერორისტული აქტის მოწყობის შესახებ. ისინი სამთავრობო და თანამდებობრივი ლოჟის აფეთქებას, ნაღმტყორცნების საშუალებით პარლამენტის შენობის გუმბათის ჩამოშლას, გადარჩენილი ადამიანების მიმართულებით კი ავტომატებიდან ცეცხლის გახსნას გეგმავდნენ“, – განაცხადა იური ლუცენკომ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ის პარლამენტში ნადეჟდა სავჩენკოს დაკავების საკითხის განხილვას გეგმავს.
„დღეს მე, როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი, შევიტან პარლამენტში წარდგენას ნადეჟდა სავჩენკოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, დაკავებაზე და დაპატიმრებაზე“, – დასძინა ლუცენკომ.