აბიტურიენტების გარკვეულ ნაწილს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, გამოცდების ეროვნულ ცენტრში სკოლის ატესტატის ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებული საბუთის ასლების წარდგენა ევალება. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
“ატესტატი უნდა წარმოადგინოს იმ აპლიკანტმა, რომელსაც სკოლა დამთავრებული აქვს 2011 წლამდე. მოგეხსენებათ, ჩვენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს 2011 წლიდან ვატარებთ და შესაბამისად ვფლობთ ინფორმაციას იმ მოსწავლეების შესახებ, ვინც 2011 წლიდან მიიღოო ატესტატი. ასევე, ისინი, ვისაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი აღებული აქვთ უცხოეთში, ვალდებულნი არიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტების ქსეროასლები. ასლების წარდგენა 20-ივნისამდე უნდა მოხდეს”- აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ.
მაია გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეს აპლიკანტები არ წარმოადგენენ ზემოთ მითითებლ საბუთებს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჩარიცხვებში, თუმცა გამოცდაზე გასვლის უფლება ექნებათ.