პოლიციის თანამშრომელს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ვალდებულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების შემთხვევაში ექნება. ამასთან, სავალებულოა შემაკავებელ ორდერში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითებაც.
კონკრეტული ცვლილებები “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
“კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებთან, ოჯახურ დანაშაულებთან ბრძოლის დახვეწის აუცილებლობით, განსაკუთრებით როცა საქმე ამგვარი დანაშაულის იარაღის გამოყენებით ჩადენას ეხება. მთავარი პროკურორის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც ამ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელზეც აისახა.
2014 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო – 550, 2015 წელს – 1066, 2016 წელს – 1356, ხოლო 2017 წელს – 1986 პირის მიმართ. საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა ცხადყოფს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისი საზიანო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოძალადისთვის იარაღთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
“ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის თანახმად, მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა და მასში იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვებისა თუ აკრძალვების მითითება პოლიციელის უფლებამოსილებაა.
ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უკეთ დაცვის მიზნით, საჭიროა პოლიციელის უფლებამოსილების გაზრდა და იმ შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც მას შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითების კანონით უზრუნველყოფილი უფლება ექნება” – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.