ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს და მას ამერიკა მხარს უჭერს. ამის შესახებ მან ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.
“ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ ჟენევას ფორმატში. მოგეხსნებათ, წელიწადში ოთხჯერ არის ეს შეხვედრები. ჩვენ ვმონაწილეობთ უმაღლეს დონეზე. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ამ ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ემსახურება – შეწყდეს ე.წ. ბორდერიზაცია, აღდგეს სავაჭრო კავშირები მოსახლეობას შორის და ასე შემდეგ. შედეგი არის ის, რომ პროგრესი ვერც ერთი მიმართულებით ვერც ჩვენ და ვერც ქართულმა მოსახლეობამ ვერ დაინახა. მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს სწორი მიმართება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ.
ასეთი ტიპის ფორმატებში აუცილებელია, ჩართულნი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, მონაწილეებს სურთ პროგრესი, თუმცა გვჭირდება გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, ამასთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, თუ სად ხედავს ჩვენ თავს“, – განაცხადა იან კელიმ.
ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი იმავე შემადგენლობით გაიმართება, როგორც აქამდე იყო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სხვა ფორმატის შესაძლებლობას ხელისუფლება ვერ ხედავს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმინისტრი მის მიმართვაზე რუსეთის საგარეო უწყების პასუხს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას 12 მარტს უპასუხა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.
როგორც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიმართვაში იყო აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, რომ ის მზად არის ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს ქართული მხარისთვის ჯერ არ გადაუცია.