ე.წ. “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კანონიერი ქურდობა 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
“ჩვენ, ფაქტობრივად, ამ კანონპროექტით ვამბობთ, რომ არც ერთი ქმედება, არანაირი კავშირი ქურდულ სამყაროსთან და კანონიერ ქურდებთან, არამხოლოდ ამ სამყაროში მოღვაწე პირების, არამედ ნებისმიერი სხვა პირის, რომელიც რაიმე ფორმით ამ ადამიანებთან კონტაქტს დაამყარებს და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რაიმე ქმედებას განახორციელებს, არ დარჩება დაუსჯელი და დაისჯება სისხლის სამართლის წესით, თანაც საკმაოდ მკაცრი სანქციით. დანაშაულს ვარქმევთ მთელ რიგ ქმედებებს, რომელსაც დღეს დანაშაული არ ჰქვია, რომ მოგვეცეს იმ პირების დასჯის შესაძლებლობა, რომლებიც დღეს ვერ ისჯებიან”, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
კომიტეტში მხარდაჭერილი ცვლილებებით კანონს ემატება ისეთი დეფინიციები როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“. ასევე, ამავე პროექტით, „ქურდული სამყაროს“ აქტიურ წევრობასთან ერთად დასჯადი იქნება პასიური წევრობაც.