„სითი პარკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან ტაბიძის განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე თბილისის მერის განცხადებამ კომპანიაში დასაქმებულთა და ქვეყნის უფლებები რისკის ქვეშ დააყენა.
როგორც ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებდა და ასრულებს. მისი თქმით, მერის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტა უსაფუძვლოა.
“კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავს – როგორც ბიზნესის, ისე უცხოელი ინვესტორების ინტერესებს. სამწუხაროა, რომ მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და გავლენას იქონიებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე. პოლიტიკური განცხადება აუცილებლად, ასევე იმოქმედებს ქალაქში პარკირების სფეროს რეგულაციაზე და დასაქმებულთა სამუშაო გარემოზე. მერის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ რისკის ქვეშ დააყენა კომპანიაში დასაქმებულთა, საქართველოს მოქალაქეთა უფლებები”, – განაცხადა „სითი პარკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ.