ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსეთმა ჩვეული ცინიზმით მიგვითითა”: უსუფაშვილი რუსეთის წერილს ეხმაურება

დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, რომელიც რუსეთში გაიგზავნა. პასუხმაც არ დააყოვნა და რუსეთის საგარეო უწყებამ პასუხი გამოგზავნა. კომენტარი გააკეთა “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმაც.

მისი თქმით, რუსეთმა ისარგებლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ემოციური გულწრფელობით გაჟღენთილი და პოლიტიკური გათვლებისგან დაცლილი მიმართვით და ჩვეული ცინიზმით მიგვითითა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
უსუფაშვილი აცხადებს, რომ ახლა საჭიროა შეცდომას შეცდომა არ დავუმატოთ და რუსულ მახეში არ შევაბიჯოთ.

“სამწუხაროდ, შევცდით. რუსეთმა ისარგებლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ემოციური გულწრფელობით გაჟღენთილი და პოლიტიკური გათვლებისგან დაცლილი მიმართვით და ჩვეული ცინიზმით მკაფიოდ მიგვითითა, რომ:
1 – ზოგადად მოსკოვში და არა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში, ყურადღებით გაეცნენ პრემიერ-მინისტრის მიმართვას;
2 – საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო მიმართვას რუსეთის მხრიდან შეესაბამება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის რიგითი კომენტარი;
3 – რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო იმ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე დარჩა;
4 – მიესალმებიან საქართველოს მზაობას იყოს უფრო კონსტრუქციული ჟენევის პროცესის უახლოეს რაუნდზე;
5 – მათთვის აბსოლუტურად სულ ერთია თავად პრემიერი ჩაერთვება ჟენევის პროცესში თუ ვინმე სხვა უხელმძღვანელებს დელეგაციას;
6 – საქართველო, როგორც იქნა, გონს მოვიდა და მზადაა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი სახელმწიფოთაშორისი დიალოგი დაიწყოს;
7 – მოქალაქე ტატუნაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი საქართველომ სუვერენულ სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგით უნდა მოაგვაროს და ამაში რუსეთი ვერაფრით დაგვეხმარება, რადგან ეს სცილდება რუსეთსა და დარჩენილ საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების სფეროს;
8 – და საერთოდ, ამ ყველაფრის სანაცვლოდ რუსეთი დიდსულოვნად გვიქებს გამოსწორების მცდელობას!
ახლა საჭიროა შეცდომას შეცდომა არ დავუმატოთ, შეცდომის წარმატებად გასაღება არ მოვინდომოთ და აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე ახალი თაობის რუსულ მახეში არ შევაბიჯოთ. მთავრობის მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნება თემის სასწრაფოდ დახურვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე და მშრალი განცხადებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა მორიგ ჯერზე არ ისარგებლა საქართველოს მთავრობის კეთილი ნების ნაბიჯით, რის გამოც ვწუხვართ. წერტილი. მიმართვაში თუ საპასუხო კომენტარში წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის რუსეთთან საჯარო კომუნიკაციაში შემდგომი განხილვა-განმარტება-დაზუსტება მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება”, – აცხადებს უსუფაშვილი.

იტვირთბა....