სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრზე დაყრდნობით 1TV ინფორმაციას ავრცელებს, რომ ომის დაწყების შემდეგ 511 ათასი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, იდენტიფიცირებულია 350 ათასი ადამიანი, დანარჩენ შემთხვევაში, მკვლელობის ფაქტი დადასტურდა, თუმცა გარდაცვლილთა სახელები ცნობილი არ არის.
სადამკვირვებლო ცენტრში ამბობენ, რომ დაღუპულთა 85% მშვიდობიანი მოსახლეობაა, რომელიც სირიის სამთავრობო არმიისა და მისი მოკავშირეების ოპერაციას ემსხვერპლა. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის 15 მარტს დაიწყო. მოგვიანებით კი, ომში რეგიონული და გლობალური ძალები ჩაერთვნენ. ომის დაწყებიდან შვიდი წლის თავზე, სირიის რამდენიმე რეგიონში ბრძოლები გრძელდება, მათ შორის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად, აღმოსავლეთ ღუტაში და თურქეთის საზღვრის სიახლოვეს, აფრინის რეგიონში.