„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟენევის ფორმატის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრემიერმა, სამი დღის წინ, ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა თავისი მიმართვით და დღეს, იმ შეცდომის გამოსასწორებლად „ქართული ოცნება“ მიდის ახალ და კიდევ უფრო მძიმე შეცდომაზე,
„უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საუბარი ჟენევის ფორმატის გადასინჯვაზე ნიშნავს „პანდორას ყუთის“ გახსნას, რომლითაც დიდი ალბათობით ისარგებლებს რუსეთი და შეეცდება, რომ საერთოდ გააქროს ჟენევის ფორმატი და სხვათაშორის, ამ მიზნით გამოიყენოს კარასინი-აბაშიძის ალტერნატივაც. ამიტომ, ასე მოუმზადებლად, ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე, ასე უბრალოდ იმისთვის, რომ გამოასწორო წინა წერილის შეცდომა, გადაფარო და რაღაც ახალი თქვა ვითომ კარგია, ჟენევის ფორმატთან თამაში მიმაჩნია უაღრესად საშიშად და საზიანოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ საჭიროა საუბარი ჟენევის ფორმატის ცვლილებებზე. სუბარი ფიქრობს, რომ ჟენევის ფორმატი თავიდანვე არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული.