შალვა კეკელიამ, რომელმაც კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებზე, საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღეს საზოგადოებას იმას ეუბნებიან, რომ ეკლესია არ გჭირდება. ანუ, წყაროს, საიდანაც ადამიანმა უნდა ისაზრდოოს, საიდანაც ადამიანი უნდა იკვებებოდეს, გლეჯენ დღეს ადამიანს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, ეკლესიის როლის გააქტიურება აუცილებელია, რადგან მთელი ერი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
მისივე თქმით, სასულიერო პირებს ყოველდღიურად ურთიერთობა აქვთ ადამიანებთან, რომლებიც უკიდურეს მდგომარეობაში არიან. აქედან გამომდინარე დეკანოზი მიიჩნევს, რომ მარტო ტაძრიდან, ამბიონიდან ქადაგება საკმარისი არ არის.
მამა შალვას თქმით, დღეს არასამთავრობოებისა თუ სხვების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა საზოგადოება ეკლესიას ჩამოაშორონ, აღნიშნული კი ქვეყანას ცუდად შემოუბრუნდება.
„მთელი ერი უმძიმეს მდგომარეობაშია და ამიტომაც იყო ალბათ, ეს მოწოდება, აქტიურობა გვჭირდება ჩვენ. მარტო ტაძრიდან, ამბიონიდან ქადაგება არ არის საკმარისი. დღეს რა მუშაობაც მიდის, ეს არის ის, რომ ეკლესიას აშორებენ საზოგადოებას. არასამთავრობოები და ასე შემდეგ გვეუბნებიან, რომ ეკლესია ხართ ცალკე და საზოგადოება არის ცალკე. არადა, დღეს თუ ვინმეს შეხება აქვს საზოგადოებასთან, ეს არის სასულიერო პირი, რომელსაც საზოგადოებაში არსებულ ყველა პრობლემასთან აქვს შეხება, იქნება ეს ოჯახური კონფლიქტები, შვილებთან ურთიერთობა თუ ასე შემდეგ. ამის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და დღეს ცდილობენ, სასულიერო პირები მოაშორონ ამ ყველაფერს. ამით ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს ქვეყანა. დღეს ქმარსა და ცოლს შორის ურთიერთობაში იმდენად დიდი პრობლემა არ არის, რაც რძალსა და დედამთილს შორის. ასევე, აბორტის სახით მკვლელობები რაც ხორციელდება – შვილებს იმის გამო კლავენ, რომ სელექცია ხდება. დიდი ძალადობაა ქმარსა და ცოლს შორისაც. ამ ყველაფრის დალაგება შესაძლებელი იქნება, როდესაც ადამიანს ეკლესიური აზროვნება ექნება. სწორად აღიზრდება და ქრისტეს მცნებებს შეისწავლის. ამით პირიქით, ერი ამოისუნთქავს და გადარჩება. დღეს საზოგადოებას იმას ეუბნებიან, რომ ეკლესია არ გჭირდებათ ანუ, წყაროს, საიდანაც ადამიანმა უნდა ისაზრდოოს, საიდანაც ადამიანი უნდა იკვებებოდეს, გლეჯენ ადამიანს. ამისგან გაუცხოება ხდება. შემოტევაა თითქოს, რაც კომუნისტების დროს იყო. მაშინ სხვა კი არაფერი ხდებოდა?! ეს ხდებოდა პროკლამაციების დარიგებით სასულიერო პირებზე. შედეგად რა მივიღეთ? – ეკლესიების ნგრევა. ამას სასულიერო პირებმაც შეუწყვეს ხელი თავიანთი არასწორი საქციელით. მიწაზე იდეალური მდგომარეობა არ შეიძლება სადმე იყოს. ეკლესიაშიც არის პრობლემები და სასულიერო პირებშიც. სასულიერო პირების მაგალითი რომ მოჰყავთ – „მღვდელი რომ ასეთია“, ამით დაუპირისპირეს ეკლესიას ხალხი. მღვდელი, რომელიც მართლა მოღვაწეობს, ისიც ამაში მოჰყვა. კომუნისტების დროსაც ასე იყო“, – განაცხადა მამა შლვამ.
მამა შალვას თქმით, ქვეყნის სატკივარი ყველაზე მეტად პატრიარქს მიაქვს გულთნ, რადგან იგი ქვეყნის მამაა.
„ამ ბოლო წლებმა ყველაზე მეტად, ალბათ, მას ატკინა გული. რომ ხედავს ამ ყველაფერს. წარმოიდგინეთ, ერი წამოიყვანა ღვთისკენ და ახლა ხედავს ეს ერი როგორ მიდის ღვთისგან. ამაზე დიდი ტკივილი, რა შეიძლება, რომ პატრიარქისთვის იყოს?! ამისთვის მოღვაწეობდა პატრიარქი. თან რა პერიოდში დაიწყო მოღვაწეობა! მაშინ სასულიერო პირს არანაირი ავტორიტეტი არ ჰქონდა. ხალხმა „მამაო ჩვენო“ და პირჯვრის წერა არ იცოდა. სჭირდებოდა ახსნა, რომ შეკრული სამი თითი ნიშნავს სამებას. ამდენი ტაძარი გაიხსნა, სემინარიები, აკადემიები, აქამდე მოვიდა ერი და ახლა ხედავს, როგორ ეშვება ეს ერი უკან“, – განაცხადა მამა შალვამ.
მისივე თქმით, უამრავი პრობლემური თემაა, რომელზეც სამღვდელოებამ და ერის ადამიანებმა ერთად უნდა იმუშაონ. სავარაუდოდ, კონკრეტულად საპატრიარქოს მხრიდანაც იქნება გაცხადებული, თუ რა არის ამ მხრივ გასაკეთებელი.