არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დავით ზურაბიშვილი: “ივანიშვილს პუტინის ეშინია და კვირიკაშვილის ხელით მიაწოდა გზავნილი”

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არაოფიციალური კავშირები უნდა ქონდეს, რათა ტატუნაშვილის საქმის მსგავსი ვითარება არ შეიქმნას. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიმუშავოს ერთიანი პოლიტიკა რუსეთის მიმართ და ამის მიხედვით, შესაბამის ვითრებაში, თანმიმდევრულად იმოქმედოს.

ტატუნაშვილის საქმე, საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები,  ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რაზეც “რესპუბლიკური” პარტიის წევრი “მეტრონომს” ესაუბრა:

მეტრონომი: ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას, სადაც პრემიერი რუსეთს რთული ვითარებიდან გამოსასვლელად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 

დავით ზურაბიშვილი: ჩვენ პრემიერის განცხადებაში პოლიტიკურ ლოგიკას ვერ ვიპოვით, რადგან მისი ეს გზავნილი ყველაფრისგან ამოვარდნილი იყო. გარდა იმისა, რომ ტონალობა იყო ძალიან დამამცირებელი, კონკრეტული დაპირებები არ ყოფილა. უბრალოდ, ტონალობა იყო დამამცირებელი, ადამიანი ხვეწნას რომ დაიწყებ. თუ რუსეთთან დალაპარაკება უნდათ, ეს კულუარულად ხდება-ხოლმე და ქვეყანას ამის უამრავი საშუალება აქვს. მე, პირადად, ვფიქრობ, ეს იყო პუტინისადმი ბიძინა ივანიშვილის გზავნილი. კვირიკაშვილმა მისი დავალება შეასრულა.

ივანიშვილი კარგად იცნობს პუტინს და მისი ეშინია. ახლა ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთთან ურთიერთობა გამწვავდა, იქით დასავლეთმაც გააკრიტიკა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. გარდა ამისა, ინგლისში რუსებმა ვიღაც მოწამლეს და ივანიშვილმაც იფიქრა, ამ კაცმა რამე არ მიქნასო. მან პუტინს ამით გაუგზავნა მესიჯი, რომ მისი მტერი არ არის. ეს, უბრალოდ, იყო უთავმოყვარეო პოლიტიკოსის წერილი, სადაც ჩემი აზრით, ივანიშვილის გზავნილია გაჟღერებული.

მ: სწორად მოქმედებს თუ არა ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით?  

–  ზოგადად, ტატუნაშვილის საქმეზე ხელისუფლება რეაგირების რეჟიმში იმყოფება. ის დიპლომატიური არხების გამოყენებისა და საერთაშორისო ზეწოლის გარდა, ვერაფერს გააკეთებს. ასე თუ ისე, ამჟამად საერთაშორისო ზეწოლა არის. აქ, უბრალოდ, ჩვენ მკაფიო პოლიტიკა უნდა გვქონდეს შემუშავებული, რაც არ გვაქვს. ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის მიმართ სამოქმედო პოლიტიკა უნდა შევიმუშავოთ. უნდა მოვახდინოთ მსგავსი სიტუაციების პრევენცია, რათა ჩვენი მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს ვითრებაში არ აღმოჩნდნენ. სეპარატისტულ რეგიონებში უნდა გვქონდეს არაფორმალური კავშირები ანუ ხალხი უნდა გყავდეს შიგნით, რათა მსგავსი პრობლემები არაოფიციალურ დონეზე დარეგულირდეს.

გარდა ამისა, სპეცსამსხურები ამ საკითხებზე უნდა მუშაობდნენ. უნდა იცოდნენ, რომ ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მსგავს სიტუაციებში, შესაძლოა, დამნაშავე დაისაჯოს. ახლა არავის არ ეშინია, რომ პასუხს მოთხოვენ. ასე, რომ კულუარულად ბევრი სამსახურია ჩასატარებელი. თუმცა, ჩვენი სპეცსამსახურები ოპოზიციონერების თვალთვალით უფრო არიან დაკავებული და იმას უყურებენ „ფეისბუქზე“ ვინ რას დაწერს. გარდა ამისა, საერთაშორისო ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ რუსეთზე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა თავიდანვე იყო ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გავაბრაზოთ ჩრდილო მეზობელი. მე არ ვამბობ, რომ რუსეთი ყველაფერზე უნდა გავაღიზიანოთ, მაგრამ საჭიროა თავმოყვარე რეაგირება. თავმოყვარე პოლიტიკაზე როდესაც ვსაუბრობთ და ქვეყანა დაბეჩავებულის პოზიციიდან იწყებს საუბარს, ეს ყველა მიმართულებით ცუდად აისახება.

მ: ბოლო დროს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებისა და პატრიარქისა და მისი მოსაყდრის განცხადებებიდან რა დასკვნა შეგვიძლია, გამოვიტანოთ?

– რელიგიური ინტიტუტი არის ტრადიციული ღირებულელების მხარდაჭერი და საპატრიარქოს არავინ თხოვს, რომ ლიბერალიზმის მედროშე იყოს. ჩვენი საპატრიარქოს მთავარი პრობლემა არის ის, რომ 90-იან წლებში არიან ჩარჩენილები. მთელი მათი ლექსიკა, საუბარი და აზროვნების სტილი შესაბამისობაში არ მოდის თანამედროვე ადამიანთან. დღეს, რასაც საპატრიარქო ლიბერალიზმსა და ტროას ცხენს უწოდებს, ეს არათუ ლიბერალიზმი აღარ არის, არამედ ეს ორჯერ ორი ოთხია. ქალი და მამაკაცი თანასწორი რომ უნდა იყვნენ ამაზე არავინ აღარ დაობს. ჩვენი საეკლესიო პირების განცხადებები, ლექსიკა, აზროვნება 80-იანი წლების ბოლოა, იქ არიან მოკლედ. ეს დროში აცდენა ქვეყნისთვის პრობლემაა, რადგან ეკლესიას ქვეყანაში დიდი ავტორიტეტი და გავლენა აქვს.

მ: თუმცა, მათი ნაწილი ბოლო დროს ამერიკაში კონგრესმენებთან შეხვედრებს მართავს…

– ის, რომ სამღვდელოების ნაწილი ამერიკაში დადის და კონგრესმენებს ხვდება ძალიან კარგია. რამდენად არის ეს გულწრფელი, ეს სხვა თემაა. იმაში, რომ ვიღაცისთვის ამერიკა საფრთხობელა არაა და იქ ქვეყნისთვის კარგს ხედავენ,  ცუდი არაფერია.

მ: წინასაარჩევნო პერიოდზეც მინდა გკითხოთ. რა შანსი აქვს ოპოზიციას, შეძლებენ ისინი კონსოლიდაციას და ხელისუფლებას ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს დაუპირისპირებენ?

-წინასაარჩევნო პერიოდზე პროგნოზების გაკეთება რთულია. ცხადია, თუ ოპოზიციის ერთი კანდიდატი ოპოზიციის განწყობების კონსოლიდირებას ახდენს და მას უჭერს მხარს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, მაშინ კონკურენტუნარიანი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. თუ ოპოზიციას ბევრი კანდიდატი ეყოლება, გარანტირებულად გეტყვით, რომ ხელისუფლება გაიმარჯვებს. ადვილი გასაკეთებელი არაა, რომ ოპოზიციას ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ყავდეს. ამას ჭირდება კონსულტაციები. თუმცა, თუ ოპოზიციას ერთი კანდიდატურა არ ეყოლება, ხელისუფლების ნებისმიერი კანდიდატი გაიმარჯვებს.

მ: ბოლოს, თბილისის  მერის მუშაობის მოკლევადიანი პერიოდიც რომ შეგვიფასოთ..

– კალაძე, ნარმანიასგან განსხვავებით, უფრო მონდომებულია. ის ცდილობს, რომ თვის პიროვნული კვალი დაამჩნიოს ქალაქს. აქვს აქტივობები და ინიციატივები, რომლებიც პრინციპში მომწონს. იგივე ღამის ეკონომიკა მე მომწონს. კომუნიკაცია რომ აქვს ხალხთან ეგეც მომწონს. რაც არ მომწონს არის ის, რასაც ველოდი – არ მოხდება უსისტემო განაშენიანების აღმოფხვრა. აქ იმდენად ძლიერია ხელისუფლების ინტერესები, რომ ეს პროცესი ვერ ჩერდება და არც ჩერდება. გარდა ამისა, გენგემის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში ფინანსური ინტერესები იკვეთება. ასე, რომ აქვს დადებითი და აქვს უარყოფითი მომენტებიც. ჯერჯერობით „სითი პარკზეც“ არაფერი გადაწყვეტილა, არც ტრანსპორტზე, არც უკანონო განაშენიანებაზე და მათავარი სწორედ ესაა, ქალაქი მოსახლეობისთვის რამდენად ნორმალური საცხოვრებელი ადგილი იქნება.

ავტორი: ბესო კუნელაური

 

იტვირთბა....