ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დოლიძე: “მოსამართლე კანდიდატებმა გამოცდები არა იუსტიციის სკოლაში, არამედ გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა ჩააბარონ”

იუსტიცის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოსამართლე კანდიდატებმა გამოცდები არა იუსტიციის სკოლაში, არამედ გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა ჩააბარონ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხზე საკუთარ ინიციატივას წარადგენს. მისი თქმით, მოსამართლეთა გამოცდების მიმართ ობიექტურობის თვალსაზრისით წარსულში ბევრი კითხვა დასმულა და იმისთვის, რომ ეს კითხვები მოიხსნას, გამოცდები სწორედ მისი ინიციატივის მიხედვით უნდა ჩატარდეს. ამასთან, დოლიძის თქმით, მოსამართლეთა გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩაბარებაზე ადმინისტრირება უნდა მოეხსნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ის უნდა გადაეცეს გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, ამ კონცეფციაზე პირადად მუშაობს, რომელსაც საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება და კონცეფციას შესაბამის დროში წარადგენს.

“საკვალიფიკაციო გამოცდები არის ერთ-ერთი მთავარი საფეხური, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიღებთ ახალ მოსამართლეებს, შემდეგ ისინი ჩაირიცხებიან იუსტიციის სკოლაში. ჩემი აზრით, საკვალიფიკაციო გამოცდას რომ ჰქონდეს სრული ნდობა, გამოირიცხოს ყველანაირი კითხვის ნიშანი, რომელიც ადრეც არსებობდა გამოცდების მიმართ, ეს გამოცდაც უნდა ჩაატაროს განათლების სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. ის ამ გამოცდებს უტარებს სახელმწიფოს ბევრ უწყებას, ატარებს ეროვნულ გამოცდებს. ეჭვგარეშეა მისი ობიექტურობა და კომპეტენცია. მოსამართლეთა გამოცდების მიმართ წარსულშიც დასმულა ბევრი კითხვა ობიექტურობის თაობაზე. იმისთვის, რომ ეს გამოვრიცხოთ, ჩვენ უნდა წავიდეთ იქითკენ, რომ გამოცდის ადმინისტრირება მთლიანად გადაეცეს გამოცდების ეროვნულ ცენტრს”, – განაცხადა დოლიძემ.

საკითხზე “მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ” მომხსენებელი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეა. მისი კონკრეტული ინიციატივა ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....