“ეს განცხადება იყო ამოვარდნილი კონტექსტიდან, რუსეთი სულაც არ არის მზად არანაირი ნაბიჯების გადასადგმელად”- ასე შეაფასა “მეტრონომთან” ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მზადაა პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან.
შარაშინიძის თქმით, სწორედ იმის გამო არ მოეწონა აღნიშნული განცხადება, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარისთვის ჯერაც არ გადმოუციათ. გარდა ამისა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილის განცხადება იმდენად ამოვარდნილია კონტექსტიდან, რუსი პოლიტოლოგებიც კი არ გამოეხმაურნენ.
“სწორედ ამის გამო არ მომეწონა განცხადება. ესეთ სიტუაციაში ვართ და ცხედარზე ხვეწნა გვიწევს, ეს განცხადება – “შევრიგდეთ, ძმები ვართ”, მართალი რომ გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია. თუ კულისებს მიღმა დიპლომატიურ თამაშს აქვს ადგილი და რუსეთი ამის მერე ყველაფერს გააკეთებს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ეს სხვა ამბავია. თავისთავად ცხადია, რომ ეს არ ხდება და ვერც მოხდება. ამიტომაც, ეს განცხადება ამოვარდნილია კონტექსტიდან. მოუმზადებელი იყო ჩემი აზრით და ეს დაადასტურა იმანაც, რომ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ერთადერთი ეს იყო ცხინვალის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ისიც გამოეხმაურა დაცინვით. რუსი პოლიტოლოგებიც კი არ გამოეხმაურნენ, მათაც არ გაუკეთებიათ სერიოზული კომენტარი ამ განცხადებაზე. სერიოზული კი არა, სულ არ გაუკეთებიათ განცხადება. აქედან ჩანს, რომ ეს განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. რუსეთი სულაც არ არის მზად არანაირი ნაბიჯების გადასადგმელად, მიაჩნიათ, რომ ყველაფერი მოგვარებულია და კარგად არის, ისე, როგორც მათ აწყობთ. შესაბამისად, ჩემთვის ამ განცხადების აზრი გაუგებარია”- აღნიშნა შარაშენიძემ “მეტრონომთან”.
მისი თქმით, იმ ფაქტს, რომ მოქალაქეები არ გაიტაცონ, სულ სხვა რამ სჭირდება და არა ასეთი ტიპის განცხადებების კეთება:
“ზოგი ამართლებს იმით, რომ კონფრონტაციის დაცხრომა უნდაო. რა კონფრონტაცია, მიძინებულია ყველაფერი. ეს პრობლემა მოგვარებულია, მადლობა ღმერთს. კიდევ რამის მოგვარება თუ უნდათ, ასე მარტივად არ მოხდება. მაგას სერიოზული მუშაობა სჭირდება.
როგორც ვართ ისე ვიყოთ. არაფერია სხვა. მაგრამ,ის, რომ მოქალაქეები არ გაიტაცონ, ამას სულ სხვა რამე სჭირდება, ამას სჭირდება სპეცსამსახურების გააქტიურება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არა ასეთი განცხადებების კეთება. ეს განცხადება ამ ყველაფერს ვერ უშველის”- აღნიშნა შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერმა მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გააკეთა:
“მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.
გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.
ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი – აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.
ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.
სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.
მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად”- აღნიშნულია კვირიკაშვილის განცხადებაში.