ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართველმა მორაგბეებმა რუსები ანგარიშით 29:9 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, კრასნოდარში, რუსეთის ეროვნული ნაკრები 29:9 დაამარცხა.

პირველ ტაიმში “ბორჯღალოსნებმა” მასპინძლების იერიშები ჯარიმების ხარჯზე მოიგერიეს, კუშნაროვმა საჯარიმო დარტყმები უშეცდომოდ შეასრულა და მასპინძლებს 9 ქულა მოუტანა. ქართველმა მორაგბეებმა მხოლოდ ერთი გარდასახული ლელო მიითვალეს და ტაიმი ორ ქულიანი სხვაობით დათმეს.

პირველი ტაიმი რუსეთის უპირატესობით 9:7 დასრულდა.

მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში კარგი მოლი ჩამოაყალიბეს, რომელიც მასპინძლებმა ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს. ჯარიმა სოსო მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა – 9:10.

67-ე წუთზე მათიაშვილმა მეორე ლელო ისევ მოლიდან დადო და ქართველმა მორაგბეებმაც 8 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

73 წუთზე მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში “ბორჯღალოსნებმა” მოლი ჩამოაყალიბეს და უპირატესობაც მოიპოვეს, მიხეილ გაჩეჩილაძის დამსახურებით მესამე ლელოც დაიდო.

76 წუთზე ანზორ სიჭინავამ მეოთხე ლელო დადო.

ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ჩატარებული მატჩიდან ოთხივე მოიგეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მეხუთე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 მარტს რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

წყარო: “1tv”

იტვირთბა....