საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს და რჩევებს აძლევს.
უწყება მოქალაქეებს ურჩევს, ძლიერი ქარის დროს შენობის გარეთ ყოფნისას შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინონ: იპოვონ შენობა და შეაფარონ თავი; დაიცვან სხეულის მგრძნობიარე ნაწილი (სახე, კიდურები); დარეკონ 112-ში; შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პანიკას ან დაელოდონ სამაშველო რაზმს.
დახურულ სივრცეში კი, უწყების რჩევაა, მოსახლეობამ შემდეგი რეკომენდაციებით იხელმძღვანელოს: მყარად დაამაგრონ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად; დახურონ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვან თავი დამტვრეული მინისგან; მიიღონ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ; მოქალაქეებმა იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებიან ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინონ ინსტრუქციებს ან დარეკონ 112-ში.
საქართველოში დღეს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 4–5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი.
აღმოსავლეთ საქართველოში ქარი დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და კახეთის ზოგიერთ რაიონში. კერძოდ, 9 მარტს საღამოსა და 10 მარტის ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მეტრ წამამდე გაიზარდოს.

