პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, პრემიერ-მინისტრის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვაზე განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და ოკუპაციის თემა, რომელიც დღეს სახეზეა, თავისი ხასიათით საერთაშორისო და ძალიან დიდი მასშტაბის დაპირისპირების სეგმენტია – აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება არ არის მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული, – ცნობას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
“პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და თავად პრემიერ-მინისტრის პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია იქეთკენ, რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი სტაბილურობა, რაც საერთაშორისო მხარდაჭერით და მოწონებით სარგებლობს. საზოგადოებასაც აქვს რწმენა და იმ სტრატეგიას ენდობა, რომელიც ჩვენ მას შევთავაზეთ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რისთვისაც ამომრჩეველი “ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიმართვას, რასაკვირველია, ურთულესი და ძალიან მწვავე დაპირისპირების პირობებში, არის ორი გზა: ეს არის სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება და მოლაპარაკების გარკვეული ფორმატების შექმნა. არის ჟენევის პროცესი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჯერჯერობით არ მიღებულა, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორც მოლაპარაკების ადგილი და ფორმატი. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი ამ პროცესის დაწყებისათვის“, – განუცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლკის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული ვითარება კვლავ ფეთქებად-საშიაში ხდება და გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები ერთ-ერთი დამამძიმებელია ფაქტია.
“გარდა იმისა, რომ ოჯახებს ვუსამძიმრებთ და ახალგაზრდების დაკარგვას მთელი საქართველო განიცდის, ეს არის ინდიკატორი იმ ურთულესი დამოკიდებულების, რომელიც გაგვაჩნია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.