ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

გია ხუხაშვილი: “პრემიერის განცხადება აბსურდია, გამოდის რუსებთან არ გვქონია პრობლემები”

არის ასეთი რუსული მულტფილმი კატა ლეოპოლდზე, სადაც ეს კატა ყველას მეგობრული ცხოვრებისკენ მოუწოდებს და ამ კატას ხან აქედან წაუთქებენ და ხან იქიდან. ჩვენი პრემიერი ძალიან გავს ამ მულტფილმის გმირს, – ასე აფასებს პრემიერის დღევანდელ განცხადებას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

როგორც “მეტრონომს” ხუხაშვილმა განუცხადა, პრემიერის განცხადება კონტექსტიდანაა ამოვარდნილი.

“პრემიერის განცხადება აბსოლუტური აბსურდია. ეს განცხადება თავის თავში რაღც ტიპის მოლაპარაკებას მოიცავს. იქ ოკუპაციასთნ დაკავშირებით არ არის ჩვენი პრეტენზიები. განცხადების პათოსი არის ის, რომ ჩვენ პრობლემები აფხაზებთან და ოსებთან გვაქვს და არა რუსებთან. პირიქით, რუსებს ვთხოვთ, რომ აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებებში დავეხმაროთ. ეს ყველაფერი პოლიტიკური კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. ჩვენი პოლიტიკა აგებული იყო იმაზე, რომ ჩვენ პრობლემები რუსებთან გვაქვს. არის ასეთი რუსული მულტფილმი კატა ლეოპოლდზე, სადაც ეს კატა ყველას მეგობრული ცხოვრებისკენ მოუწოდებს და ამ კატას ხან აქედან წაუთქებენ და ხან იქიდან.

ჩვენი პრემიერი ძალიან გავს ამ მულტფილმის გმირს. მინდა პრემიერს დავუსვა კითხვა, ამ განცხადებებში ნათქვამია, რომ მზად ვართ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე სალაპარაკოდ დავსხდეთ. და ის მზადაა, რომ დაჯდეს და რუსებს ელაპარაკოს? და რაზე უნდა ელაპარაკოს? სადღეგრძელოებით აპირებს ლაპარაკს? პოლიტიკა სხვა რამეა. კულისებში შეიძლება ბევრ რამეზე ელაპარაკო მას, მაგრამა ასეთი საჯარო განცხადება კონტექსტიდანაა ამოვარდნილი”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა და მორიგი განცხადება გაავრცელა.

პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა და აღიშნა, რომ საჭიროა ერთობლივი, სწორი ნაბიჯებით მიაღწიონ შეთანხმებას.

„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი – აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

იტვირთბა....