ე.წ. მატროსოვის ციხესთან ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი),დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასურველია ადამიანს, მიუხედავად მისი მღვდელმსახურების შეჩერებისა, მიეცეს ზიარების საშუალება.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ისაუბრეს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, მეუფეს არ დაუკონკრეტებია.
მისივე განმარტებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საზოგადოებისთვის რაიმე გზავნილი მისთვის არ დაუბარებია, თუმცა „მისი ერთადერთი თხოვნაა, რომ „ციანიდის საქმეზე“ სიმართლე დადგინდეს. ამასთან, მეუფე გრიგოლს არ განუმარტავს, აპირებენ თუ არა უახლოეს პერიოდში კვლავ მსჯავრდებულის მონახულებას.
რაც შეეხება კითხვას, განიხილებოდა თუ არა შეხვედრაზე ზიარების საკითხი, მეუფე გრიგოლის განმარტებით, დეკანოზ მამალაძის ზიარების საკითხში თავად ჩართული არ არის.
„ამ საკითხში მე არ ვარ ჩართული იმ კუთხით, რომ განგვეხილა მისი ზიარება-არზიარების საკითხი. რა თქმა უნდა, ეს თემა არის დამაფიქრებელი. სასურველია, რომ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს, მიეცეს ზიარების საშუალება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ამ შეხვედრის შემდეგ რწმუნდებით თუ არა, რომ ის არის მსხვერპლი? მეუფე გრიგოლმა ასე უპასუხა: “თქვენ იმის გაგება გინდათ,რაც ჯობდა მეც არ გამეგო”.