ფაროსანას პოპულაციის წინააღმდეგ მეცნიერები ბუნებრივი მტრის – სამურაი კრაზანის შემოყვანასთან ერთად, ენტომო პათოგენური სოკო ბოვერიას ჩინური შტამის შემოყვანის საკითხსაც განიხილავენ. ამის შესახებ imedinews-ს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ უთხრა.
გურამ ალექსიძის თქმით, სოკო ბოვერიას მოქმედებას ამ ეტაპზე ჩინეთში აკვირდებიან და თუ ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, შესაძლოა საქართველოში მის შემოყვანაზეც იფიქრონ.
თბილისში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ფაროსანას წინააღმდეგ, ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. კონფერენციას ესწრებიან დარგის სპეციალისტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და სურსათის ეროვნული სააგენტოდან. კონფერენციის მთავარი მიზანია იმ ღონისძიებების შეფასება, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ატარებს და ასევე უცხოური გამოცდილების გაზიარება.
შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.